როგორ გამოვითხოვო საჯარო ინფორმაცია?
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
სად შეიძლება მოვიძიო მონაცემთა ბაზები?(ქონებრივი დეკლარაციები, ხელფასები, პრემიები)
აჭარის მთავრობის წევრთა მონაცემები, ინფორმაცია ხელფასებისა და პრემიების შესახებ ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია მთავრობის ვებგვერდზე www.ajara.gov, ასევე დეკლარაციები - საჯარო რეესტრის გვერდზე www.ares.ge, სახალხო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჯარო სამსახურის ბიურომ ელექტრონულად ხელმისაწვდომი გახადა თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები. დეკლარაციები განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
სად მოვიძიებ ინფორმაციას მთავრობასა და სამინისტროებში არსებული ვაკანსიებისა და და სტაჟირების შესახებ?
საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთათვის საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე www.hr.gov.ge განთავსებულია ინფორმაცია და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ საჯარო სამსახურში არსებულ ყველა ვაკანისას. ნებისმიერ ამ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთება ხორციელდება ელექტრონულად, რაც მთლიან პროცესს უფრო მეტ გამჭვირვალობას და ეფექტურობას ანიჭებს. გარდა ამისა გამოცხადებული კონკურსის შესახებ გადაწყვეტილება იდება მთავრობის ერთიან პორტალზე, სადაც განთავსებულია ყველა სამინისტროს ბმულები.
არის თუ არა მთავრობის გადაწყვეტილებები და სხდომები საჯარო?
მთავრობის სხდომები დახურულია, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლოა სხდომა გასაჯაროვდეს მედიისა და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის. მთავრობა ანგარიშვალდებულია საკუთარი ხალხის წინაშე. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებები და დადგენილებებიც საჯაროა. საჯარო ინფორმაცია განთავსებულია მთავრობის სხვადასხვა დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე, ანდა მსურველს შეუძლია გამოითხოვოს იგი ოფიციალური განცხადებით.
რა პრინციპით შეირჩევა სოციალურ სახლებში შესასახლებელი ოჯახები?
სოციალურ სახლში შესასახლებელი ბენეფიციარების იდენტიფიცირება ერთპიროვნულად არ ხდება. საკითხს სიღრმისეულად სწავლობს სპეციალური შერეული სამთავრობო კომისია, რომელიც შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლენს იმ ბენეფიციარებს, რომელთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება აუცილებელია. ვინაიდან ბენეფიციართა რიცხვი დიდია და იგი აერთიანებს ძირითადად გარემოს ზემოქმედებით უსახლკაროდ დარჩენილთა გარკვეულ კატეგორიას, უკიდურესად გაჭირვებულ ფენას, მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმების დაცვა და ბენეფიციართა კატეგორიზაცია კომისიის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა და განსაზღვრავს ინიციატივის სამართლიანობის ხარისხს.